ბაქარ ბაკურაძე: “მიღწეულზე გაჩერება ყოველთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს”
11 აპრილს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანია ”იფქლის” დირექტორი ბაქარ ბაკურაძე სტუმრობდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად ბაქარმა მუშაობა კომპანია ”იფქლიში” დაიწყო იურისტად, მოგვიანებით კი დირექტორის პოსტი ჩაიბარა და უკვე მრავალი წელია ხელმძღვანელობს წარმატებულ კომპანიას.
– ბატონო ბაქარ, რამდენი წელია ოპერირებს ”იფქლი” ქართულ ბაზარზე და როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები?
– ”იფქლი” 23 წელია ქართულ ბაზარზეა. მუშაობა 1993 წელს დავიწყეთ. თავიდან მხოლოდ ფუნთუშეულს ვაწარმოებდით, სამი წლის შემდეგ კი, პირველი ბატონი გამოვაცხვეთ, რომელიც დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
– როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა?
– დაარსების იდეა მამას ეკუთვნის, რომელმაც კომპანია პარტნიორებთან ერთად დააარსა. როგორც გახსოვთ, 1990-იანი წლები ძალიან მძიმე პერიოდი იყო. სამოქალაქო ომის პირობებში ვცხოვრობდით და პურის სიმცირე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა იყო. სოკოებივით ჩნდებოდნენ პატარა საცხობები, ხალხი კი, გაუთავებელ რიგებში იდგა, რადგან პურზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მიწოდება, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ხარისხი ვერანაირ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.
– რამდენად დიდი იყო კონკურენცია პურის ბიზნესში 1990-იან წლებში და რა მდგომარეობაა დღეს?
– როგორც უკვე აღვნიშნე, 90-იან წლებში მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მიწოდება, ამიტომ ბიზნესის კეთება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. დღეს კონკურენცია ძალიან დიდია, ძლიერ კომპანიებთან ერთად სწრაფი კვების ობიექტებიც საკმაოდ ბევრია, ყველა თვითონ აცხობს ფუნთუშეულს და დღეს ყველგან შეიძლება ცხელი პურის ყიდვა. თუმცა, კონკურენცია აუცილებელია. ჩემი აზრით, ჯანსაღი კონკურენციის გარეშე შეუძლებელია ბიზნესის განვითარება.
– ”იფქლი” პურს სპეციალურად დამჟავებული ცომით აცხობს, რას ნიშნავს ეს მიმართულება?
– ლიდერის პოზიციას ჩვენი კომპანია მუდმივად სიახლეების ძიებით ინარჩუნებს. წამყვან პოზიციას არა მარტო გაყიდვებით ვიკავებთ, არამედ პროდუქციის მაღალი ხარისხათაც. დაარსების დღიდან ვნერგავთ ნოვაციებს და ჩამოგვაქვს ახალი დანადგარები. ცოტა ხნის წინ სრულყოფილი ტექნოლოგია – ხაშზე ცხობა დავნერგეთ, რაც პურის ბუნებრივ საფუარზე ცხობას ითვალისწინებს. ამგვარი მეთოდი 90-იან წლებშიც არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, ხარჯების შესამცირებლად წარმოება დაბალ ტექნოლოგიებზე გადავიდა.
– რამდენად ხარჯიანი იყო თქვენი კომპანიისთვის ამ ტექნოლოგიის აღდგენა და რამდენად დიდი სხვაობაა ხარისხში?
– დანადგარები ევროპიდან ჩამოვიტანეთ და საკმაოდ სოლიდური თანხა გადავიხადეთ. თუმცა, დიდი ინვესტიციების ჩადების წყალობით ხარისხიც ბევრად უკეთესი მივიღეთ. ტესტირების შემდეგ, მასობრივი წარმოება 2016 წლის თებერვალში დავიწყეთ და დღეს ყველას შეუძლია ახალი ტექნოლოგიით გამომცხვარი პურის დაგემოვნება. გარდა ამისა, კომპანია ფაქტობრივად თავიდან აღიჭურვა. ჩამოვიტანეთ ავტომატიზირებული ხაზი – ბოლო მოდელის დანადგარები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში ახორციელებენ პურის ცხობას.
– როგორ ხდება პროდუქციის კონტროლი?
– 2015 წელს უახლესი მოდელის ევროპული დანადგარები შევიძინეთ. სწორედ მისი დახმარებით ვახორციელებთ პურ-პროდუქტების ანალიზსს და არ ვიღებთ არცერთ ინგრედიენტს ლაბორატორიული კვლევის გარეშე. რამდენადაც ვიცი, მსგავსი დანადგარი საქართველოში არცერთ სხვა კომპანიას არ აქვს.
– რამდენი სახეობის პურს და ფუნთუშეულს აცხობთ?
– დაახლოებით 75 სახეობის პურ-ფუნთუშეულს ვაცხობთ. ცნობილი ქიშმიშიანი ფუნთუშით დავიწყეთ და 23 წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ.
– აპირებთ თუ არა წარმოების გაფართოებას?
– რა თქმა უნდა. მუდმივად ვამატებთ ახალ პროდუქციას, ვცდილობთ გავიზიაროთ ევროპული გამოცდილებაც. ასე რომ, ნამდვილად არ ვაპირებთ მიღწეულზე გაჩერებას.
– უამრავი კომპანია ჩივის კვალიფიციური კადრების დეფიციტზე. როგორ არჩევთ სპეციალისტებს თქვენი კომპანიისთვის?
– ჩვენს კომპანიაში უკვე ჩამოყალიბდა პროფესიონალთა გუნდი, მთავარ ტექნოლოგს კი, აშშ-ში აქვს პროფესიონალური განათლება მიღებული და სწორედ მასთან ერთად ვნერგავთ ყველა ნოვაციას. გარდა ამისა, მუდმივად ვატარებთ ტრეინინგებს, პრაქტიკულად თავად ვზრდით კადრებს, რადგან პროფესიონალების დეფიციტი მართლაცაა დღეს საქართველოში. სხვათა შორის, ადრეც გვინდოდა სიახლეების დანერგვა, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა გამოცდილი ტექნოლოგის მოძებნა.
-რამდენადაა ჩართული ”იფქლი” სოციალურ პროექტებში და რა სახის აქციებზე ხართ ორიენტირებული?
– სოციალურ პროექტებში აქტიურად ვართ ჩართული. სტიქიით დაზარალებულებს დავეხმარეთ, მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას ამგვარ აქციებში. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ”კათარზისთან” და ვცდილობთ სწორედ ამ მიმართულებით გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება.
– საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს წარმატებული ბიზნესმენი?
– პირველ რიგში, კარგად უნდა იცოდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროფესიონალთა გუნდი, რომელთანაც მუშაობს. გარდა ამისა, მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული სიახლეების ძიებაზე, რადგან მიღწეულზე გაჩერება ყოველთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.
– რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში?
– დღეს კომპანიაში 300-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.
– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
– ყოველთვის იურისტობა მინდოდა, თუმცა ამ სფეროში მუშაობის ნაკლები გამოცდილება მაქვს.
– როგორი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში და რამდენადაა ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან?
– საკმაოდ მშვიდი და ნორმალური გარემოა. ბიზნესი კი, აბსოლუტურად თავისუფალია წნეხისგან.
– თქვენი აზრით, რომელი ბიზნესმიმართულებაა გასააქტიურებელი ეკონომიკისგასაუმჯობესებლად?
– ვიქრობ, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ტურიზმის თვალსაზრისით და სწორედ ამ მიმართულების განვითარება იქნებოდა მართებული.
– როგორ ხორციელდება თქვენს კომპანიაში თაბნამშრომლებთან კომუნიკაცია და აზრების გაზიარება?
– ჩვეულებრივ, დილა კომპანიაში აზრების და იდეების გაზიარებით იწყება, არცერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებ თანამშრომლებთან და შესაბამისი დარგის ხელმძღვანელებთან კონსულტაციის გარეშე. შემდეგ აზრების შეჯერება ხდება და სწორედ ასე ვახერხებთ მუდმივად ინოვაციების დანერგვას.
– როგორი ხელმძღვანელი ხართ?
– ვფიქრობ, ნორმალური. ვცდილობ ყოველთვის სამართლიანი ვიყო და არასდროს მივიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება.
– რას აფასებთ ყველაზე მეტად თანამშრომლებში?
– ყველაზე მეტად საქმისადმი ერთგულებას ვაფასებ.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– არსებობს კრიტიკული მომენტები, როცა სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაა საჭორო, თუმცა ძირითადად მაინც ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ გამოგვაქვს გადაწყვეტილება.
ბლიც-კითხვები: – კომპანია იფქლის სლოგანი?
– ”გულით გამომცხვარი!”
– თქვენი რჩეული იფქლის პროდუქტებიდან?
– მრგვალი ქიშმიშიანი ფუნთუშა.
– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?
– ძალიან ბევრი წიგნი მიყვარს.
– დღის ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?
– ”ყველაფერი კარგად იქნება!”
– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს – ბარში მეგობრებთან ერთად თუ აუზზე ნატურალური წვენით ხელში?
– ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამიტომ, ვცდილობ ორივე მოვასწრო.
– სხვა რომელ პროფესიაში მოსინჯავდით საკუთარ ძალებს?
– კარატეს ხელოვნებას ვეუფლები და სიამოვნებით გამოვცდიდი თავს ამ სფეროში.
– რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?
– ხატვა არ მეხერხება, მაგრამ ალბათ მაინც პურს დავხატავდი.
– თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ყველაზე მნიშვმნელოვანი მოღვაწეობის სფეროს შესწავლაა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე და ყოველთვის მის განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს.
ინტერვიუს ავტორი: fortuna.ge