რამდენად შეუძლია მომხმარებელს ჯანსაღი შავი პურის ამოცნობა და რამდენი იძენს შეღებილს
გამოკითხულთა 47%-მა, თითქმის ყოველმა მეორემ, ჯანსაღი პურის ნაცვლად პურეულის სურათებიდან "კოლერიანი" პური აირჩია.
ივნისის თვეში კომპანია „იფქლმა“ აწარმოა საინფორმაციო სახის კამპანია „ამოიცანი ჯანსაღი შავი პური!“, რომელიც მიზნად ისახავდა მომხმარებლისათვის გაეადვილებინა ჯანსაღი შავი პურის შერჩევა.
თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებზე და ჩვენს ვებსაიტზე ვაშუქებდით შავი პურის წარმოებასთან დაკავშირებულ თემებს. ვცდილობდით გაგვეთავისუფლებინა მომხმარებელი წარმოდგენისაგან, თითქოსდა რაც უფრო მუქია პური, მით უფრო ჯანსაღია ის.
კამპანიის დასრულებისთანავე განვათავსეთ გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერს შეეძლო. 53 ადამიანმა მოისურვა ეპასუხა კითხვაზე, შეძლებდა თუ არა ის ჯანსაღი პურის შერჩევას.
მომხმარებელს ვაჩვენეთ ეს სურათი და ვთხოვეთ:
აირჩიეთ ფერის დამატების გარეშე წარმოებული ხორბლის შავი პური!
აირჩიეთ ხორბლის შავი პური ალაოთი!
აირჩიეთ ჭვავის შავი პური!
აქ 13% აირჩია კოლერიანი მუქი პური ხორბლის შავი პურის ნაცვლად. მხოლოდ 43%-მა გააკეთა სწორი არჩევანი.
აქ 22%-მა აირჩია კოლერიანი პური და მხოლოდ 30%-მა შეძლო სწორი არჩევანის გაკეთება.
ჭვავის პურის ნაცვლად 11%-მა კოლერიანი პროდუქტი ამოირჩია. მხოლოდ 35%-მა შეძლო სწორი არჩევანის გაკეთება.
საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 47%-მა, თითქმის ნახევარმა დაუშვა შეცდომა და აირჩია კოლერიანი პური.
რადგანაც ამგვარი გამოკითხვა კამპანიის დაწყებამდე არ ჩატარებულა, რთულია იმის თქმა, თუ რამდენი პროცენტი აკეთებს სწორ არჩევანს კამპანიის შედეგად.
ყველა მონაწილეს შესაძლებლობა მიეცა გამოკითხვის შემდეგ სწორ პასუხებს გასცნობოდა.